ka | en
TSU

დიდ-მასშტაბოვანი ველების ფორმირება პულსარის გადაგვარებულ რელატივისტურ გარე შრეში

ავტორი: ირაკლი ჯოხაძე
თანაავტორები: ნანა შათაშვილი, ალექსანდრე თევზაძე, სვადეშ მაჰაჯანი
საკვანძო სიტყვები: პულსარი, გადაგვარებული აირი, ბელტრამი-ბერნულის წონასწორობა, რელატივისტური გრავიტაცია, გარედინება
ანოტაცია:

კომპაქტური ობიექტის გარე შრისთვის აგებულია რელატივისტური განზოგადოებული გრიგალის ტენზორი. შესწავლილია ორმაგი ბელტრამი-ბერნულის (ბბ) წონასწორული მდგომარეობების/სტრუქტურების არსებობის შესაძლებლობა პულსარის ზედაპირთან ახლოს გადაგვარებულ გარე შრეში [1-3]. თეორიული ფორმალიზმი დაფუძნებულია გადაგვარებული რელატივისტური ელექტრონ-პოზიტრონული სითხის განტოლებებზე, რომლებშიც გათვალისწინებულია გრავიტაციული ეფექტები. აღებულია შვარცშილდის მეტრიკის ტენზორი. ბბ-ს წონასწორობის მდგომარეობა გადაგვარებული ელექტრონის და პოზიტრონის სითხისათვის განისაზღვრება ორი რელატივისტური ბელტრამის პირობით; შედეგად მიიღება სამმაგი ბელტრამის მდგომარეობები. დიდ-მასშტაბოვანი დინების და მაგნიტური ველის საილუსტრაციო რიცხვითი ამონახსნებისთვის განტოლებები ჩაწერილია სფერულ კოორდინატებში და სიდიდეები გაშლილია სფერული ჰარმონიკების საშუალებით. ნაჩვენებია რომ გარკვეულ პირობებში სისტემაში არსებობს კატასტროფა, რომლის დროსაც ხდება სიმკვრივის სწრაფი დავარდნა და კომპაქტური ობიექტის ზედაპირთან სწრაფი გარედინების ფორმირება. მიღებულია შუალედური შედეგები პოლარულ არეში ზედაპირთან ახლოს გარე შრეში გენერირებული დიდ-მასშტაბოვანი დინების [4] ფორმირებისთვის პულსარის ნელი ბრუნვის შემთხვევაში. მოსალოდნელია, რომ კომპაქტური ობიექტების ატმოსფეროში გენერირებული გარედინება წვლილს შეიტანს დიდ-მასშტაბოვანი დისკი-ჯეტის ნივთიერებისა და ენერგიის მომარაგებაში; აღმოჩენილმა ეფექტებმა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს ისეთი კომპაქტური ობიექტების, როგორიცაა, მაგალითად, აქტიური გალაქტიკის ბირთვები და პულსარი, გარშემო რელატივისტური დისკი-ჯეტის წონასწორული სტრუქტურის ფორმირების მოდელში. აგებული მოდელი შეიძლება გამოყენებული იყოს რელატივისტური ჯეტების დაკვირვებითი თვისებების შესასწავლად. ლიტერატურა [1] S. M. Mahajan. Temperature-transformed “minimal coupling”: Magnetofluid unification. Phys. Rev. Lett., 90:035001, (2003). [2] N. L. Shatashvili, S.M. Mahajan, V. I. Berezhiani: Mechanisms for multi-scale structures in dense degenerate astrophysical plasmas. Astrophys. Space Sci 361:70 (2016). [3] Chinmoy Bhattacharjee, Rupam Das, David J. Stark, S.M. Mahajan: Beltrami state in black-hole accretion disk: A Magnetofuid approach. Phys. Rev. E 92, 063104 (2015). [4] A. A. Barnaveli, & N. L. Shatashvili: Mechanism for flow generation/acceleration in dense degenerate stellar atmospheres. Astrophys. Space Science 362(9), 164 (2017).


მიმაგრებული ფაილები:

Large-Scale Field Formation in Pulsar Degenerate Relativistic Outer Layer [en]
დიდ-მასშტაბოვანი ველების ფორმირება პულსარის გადაგვარებულ რელატივისტურ გარე შრეში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com