ავტორიზაცია
თბილისის რელიეფის და ლანდშაფტების ტრანსფორმაციის შეფასება
ავტორი: ბაკურ ჯინორიასაკვანძო სიტყვები: რელიეფი, ანთროპოგენური, გეოგრაფია, ლანდშაფტები
ანოტაცია:
გეოგრაფიული ანალიზის კომპლექსური ხასიათი, ბუნებრივი, სოციალური ეკონომიკური თუ ეკოლოგიური მოვლენების და პროცესების სივრცე-დროითი თავისებურებების კვლევა, ბუნებრივი რესურსების პოტენციალის შესწავლა, პლანეტარული და რეგიონული ეკოლოგიური პრობლემების ურთიერთკავშირების შესაძლებლობა, გეოგრაფიულ მეცნიერებას განსაკუთრებით აქტუალურს ხდის. ამჟამად მდგრადი განვითარების სივრცითი (ლოკალური, რეგიონული და გლობალური) თავისებურებების კვლევა გეოგრაფიის ძირითადი ამოცანაა რითაც იგი არსებითად განსხვავდება და გამოირჩევა სხვა მეცნიერებებისაგან. ცნობილია, რომ ანთროპოგენურ ზეგავლენას და ტრანსფორმაციას ყველაზე მეტად დიდი ქალაქები განიცდიან. ამიტომაც არის, რომ თანამედროვე ქალაქები განიხილება, როგორც ტიპიური ანთროპოგენული სისტემა, სადაც შეუცვლელი ბუნებრივი ლანდშაფტი თითქმის აღარ არსებობს, ხოლო ანთროპოგენული ლანდშაფტის პოზიტიური მდგომარეობა ვერ გვექნება ადამიანის გააზრებული ხელშეწყობის გარეშე. ამ მხრივ განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა გვაქვს თბილისში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა იზრდება ძალიან სწრაფად, რაც პირდაპირ აისახება მის განაშენიანებაზე. აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ ურბანულ დაგეგმარებას. თბილისი გეომორფოლოგიური და ლანდშაფტური კუთხით ძალიან მრავალფეროვანია და გეო-ეკოლოგიური კატასტროფების თვალსაზრისითაც მიეკუთვნება უკიდურესად „არაჯანსაღი“ ქალაქების ჯგუფს. რაც კატასტროფულად მოქმედებს ქალაქის არასწორად დაგეგმარებულ უბნებზე.