ავტორიზაცია
სუპროფენის და კლოპიდოგრელის სულფოქსიდამდე ჟანგვის რეაქციები და ჩამნაცვლებელთა გავლენა შედეგებზე
ავტორი: სერგი ბეთხოშვილისაკვანძო სიტყვები: სულფოქსიდები, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, ნუკლეოფილური აქტივობა, თიოფენის ჯგუფი
ანოტაცია:
თიოფენის სულფოქსიდები მნიშვნელოვანი შუალედური პროდუქტებია მრავალი ორგანული ნაერთის სინთეზში. ბიციკლური სულფოქსიდების მომზადების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გზა არის დიელს-ალდერის რეაქცია, რომელშიც თიოფენის სულფოქსიდები დიენის როლს ასრულებენ. ამ კვლევის მიზანი იყო სუპროფენიდან და კლოპიდოგრელიდან მათ სულფოქსიდების მიღება. რეაქციათა სიჩქარეების შედარებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცოდნა მოგვცეს თიოფენის ჯგუფში ჩამნცავლებელთა გავლენასთან დაკავშირებით გოგირდის ატომის ნუკლეოფილურ აქტივობაზე. გოგირდის ატომის შემდგომი დაჟანგვის ასაცილებლად სულფოქსიდიდან სულფონამდე, 1:1 მოლური ეკვივალენტი რბილი მჟანგავი, 3-ქლორ პეროქსიბენზომჟავა გამოვიყენეთ 0ºC ტემპერატურაზე (ყინულის აბაზანაში). რეაქციის სავარაუდო მექანიზმია თიოფენის ჯგუფის გოგირდის ატომის ნუკლეოფილური შეტევა პეროქსიმჟავას ელექტროფილურ ჟანგბადზე. სუპროფენის დაჟანგვის რეაქციას დიდი დრო დასჭირდა, რეაგენტების შერევიდან 3 საათის შემდეგაც კი თხელფენოვანი ქრომატოგრაფიით ცვლილება არ შეინიშნებოდა ((1 ნ-ჰექსანი : 1 EtOAc, და 9 CH2Cl2 : 1 CH3OH (მოცულობით)) (რეაქციის ნარევი შემდეგი სესიისთვის დავტოვეთ ოთახის ტემპერატურაზე და ცვლილება თხელფენოვანი ქრომატოგრაფიამ დაადასტურა), მაშინ როცა კლოპიდოგრელმა შესამჩნევი ცვლილება ორ საათ-ნახევარში გვაჩვენა. სუპროფენის დაჟანგვის შემდეგ ქრომატოგრაფიულმა ანალიზმა მოულოდნელი და გაურკვეველი ნარევი აჩვენა, ხოლო კლოპიდოგრელის დაჟანგვის შემდეგ ნარევის ქრომატოგრამის შემადგენლობის ახსნა შესაძლებელია. ინფრაწითელი სპექტროსკოპია ორივე შემთხვევაში გვთავაზობს სულფოქსიდის ჯგუფს, თუმცა, ცხადი არაა, თუ რამდენად შეესაბამება ეს სიგნალები სულფოქსიდის ჯგუფს. თავდაპირველი მოლოდინი იყო ორივე რეაქციის ძალიან ნელა მიმდინარეობა თიოფენის არომატულობის გამო, თუმცა კლოპიდოგრელი უფრო სწრაფად დაიჟანგა. კვლევის დასკვნაა, რომ დიდად სავარაუდოა, ეს განსხვავება ჩამნაცვლებელთა ეფექტით იყოს გამოწვეული, თუმცა ამის უფრო ზუსტად გასარკვევად ერთი და იმავე მოლური კონცენტრაციების და პირობების გამოყენება იქნება აუცილებელი შემდგომ კვლევებში.