ka | en
TSU

ევროპული წაბლის (Castanea sativa) ზიგოტური ემბრიონის კრიოპრეზერვაცია დეჰიდრატაციის და ვიტრიფიკაციის გამოყენებით

ავტორი: თამარი კუჭავა
საკვანძო სიტყვები: წაბლი, კრიოპრეზერვაცია, დეჰიდრატაცია, ვიტრიფიკაცია, ზიგოტური ემბრიონი
ანოტაცია:

მცენარეთა ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია წარმოადგენს თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას მსოფლიოში მოსახლეობის პროგრესული ზრდის გათვალისწინებით. კონსერვაცია თამაშობს ფუნდამენტურ როლს ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული სახეობების შენარჩუნებაში. ევროპული წაბლი (Castanea sativa Mill.) წარმოადგენს ერთ-ერთ დომინანტურ მერქნიან მცენარეს დასავლეთ საქართველოში. საქართველოს წითელ ნუსხაში მერქნიანი ხემცენარეების წარმომადგენლებს შორის ჩვეულებრივი წაბლი IUCN კატეგორიის მიხედვით წარმოდგენილია მოწყვლადი სტატუსით. უკვე მრავალი ათეული წელია მწვავედ დგას წაბლნარების ხმობის პრობლემა მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც წაბლის სახეობებია გავრცელებული. ინტენსიურად მიმდინარეობს ამ სახეობის სწრაფი გამრავლების საშუალებების და კონსერვაციის გზების ძიება წაბლნარი ტყეების შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით. ამ თვალსაზრისით, მოცემული სამუშაოს მიზანი იყო ევროპული წაბლის (Castanea sativa Mill.) გრძელვადიანი კონსერვაციის ეფექტური პროცედურების შემუშავება in vitro ტექნოლოგიის გამოყენებით, წაბლის გამრავლების ტრადიციული მეთოდები დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან და ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ უპირატეს გზას წარმოადგენს მისი ხანგრძლივვადიანი კონსერვაცია ულტრა დაბალ ტემპერატურაზე (-196°C) თხევად აზოტში. გაყინვით პრეზერვაცია წარმოადგენს ერთადერთ ტექნიკას, რომელიც გარანტირებულად იძლევა პრობლემური სახეობების, როგორიცაა არა-ორთოდოქსი ანუ ურჩი თესლის მქონე, ასევე ვეგეტატიურად გამრავლებადი მცენარეების უსაფრთხო და დაბალხარჯიანი ხანგრძლივი კონსერვაციის შესაძლებლობას. აღნიშნულ პირობებში ბიოქიმიური და უმეტესი ფიზიოლოგიური პროცესები შეჩერებულია. ამრიგად, მცენარეული მასალა შეიძლება შენახული იქნას ყოველგვარი ცვლილების გარეშე თეორიულად ულიმიტო დროის განმავლობაში. მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია ევროპული წაბლის (Castanea sativa Mill.) კრიოპრეზერვაციისათვის შემუშავებული ოპტიმალური მეთოდოლოგია. დადგენილია კრიოპრეზერვაციის შემდგომი მცენარის რეგენერაციის და განვითარების პირობები. ნანახია, რომ თხევადი აზოტიდან გამოლღობის შემდეგ საუკეთესო (100 %) სიცოცხლისუნარიანობას და განვითარებას (66.7 %) იძლევა ემბრიონები 21 % ტენის შემცველობით. ვიტრიფიკაციის ტექნოლოგიით კი ემბრიონების კრიოპრეზერვაციის საუკეთესო მაჩვენებლები აჩვენა ემბრიონების PVS2 ხსნარით 30 წუთიანმა დამუშავებამ. ამრიგად, დადგენილია, რომ კრიოპრეზერვაციული შენახვისათვის წაბლის ზიგოტური ემბრიონების დამუშავება ორივე, დეჰიდრატაციის და ვიტრიფიკაციის ტექნოლოგიებით იძლევა მცენარის ექსპლანტის გაყინვისშემდგომი სრული რეგენერაციის შესაძლებლობას. ამასთან, მწიფე ემბრიონების დეჰიდრატაცია იძლევა უკეთეს შედეგებს ვიტრიფიკაციის ტექნოლოგიასთან შედარებით გამოლღობის შემდგომ მცენარის განითარების ვადების და მორფოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით. აღნიშნული კვლევის შედეგები სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ex situ დაცვის ახალ სტრატეგიას და უზრუნველყოფს გენეტიკური რეზერვების დაჩქარებულ და ეფექტურ კონსერვაციას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com