ka | en
TSU

ტემპერატურის გავლენის შესწავლა ტრიადიმეფონის ენანტიომერების დაყოფაზე ცელულოზა ტრის (4-მეთილბენზოატის) სილიკაგელზე დაფენით მომზადებულ ქრომატოგრაფიულ სვეტზე სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ილია ადუაშვილი
საკვანძო სიტყვები: ქირალობა, ენანტიომერები, ტრიადიმეფონი
ანოტაცია:

ქირალური მოლეკულა არის ისეთი ტიპის მოლეკულა, რომელიც არ არის თავსებადი საკუთარ სარკულ გამოსახულებასთან. მოლეკულაში ქირალობის გამომწვევი თვისება, ხშირ შემთხვევაში არის ასიმეტრიული ატომის არსებობა, მას ქირალურ ცენტრსაც უწოდებენ. ქირალურ მოლეკულას და მის სარკულ გამოსახულებას ენანტიომერებს უწოდებენ. იმის გამო, რომ ენანტიომერებს აქვთ ერთნაირი ფიზიკური და ქიმიური თვისებები აქირალურ გარემოში, მათი განსხვავება შესაძლებელია მხოლოდ ბრტყლად პოლარიზებული სინათლის ბრუნვის კუთხის ნიშნით. ამიტომ ძალზე რთულდება მათი ანალიზი. ქირალური ნივთიერებების ენანტიომერებს ხშირად გააჩნიათ რადიკალურად განსხვავებული ფიზიოლოგიური მოქმედება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების ანალიზი სამკურნალწამლო საშუალებებში, საკვებ დანამატებში, სასოფლო-სამეურნეო შხამ- ქიმიკატებში და ა.შ. ენანტიომერების ანალიზის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტექნიკა არის მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია (მესქ). მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ცნობილია 100-ზე მეტი ქირალური სელექტორი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ენანტიომერების დასაყოფად მესქ-ში, კვლავაც რთულია ისეთი ქირალური სელექტორის შერჩევა, რომელიც გამოსადეგი იქნებოდა ქირალურ ნივთიერებათა დიდი ჯგუფის დაყოფისთვის. ყველაზე ხშირად გამოიყენება პოლისაქარიდული ქირალური სელექტორები და კომერციულად ხელმისაწვდომი ქირალური სვეტების უმეტესობაც დამზადებულია პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების გამოყენებით. როგორც წესი, ტემპერატურის ცვლილება გარკვეულწილად მოქმედებს ენანტიომერების დაყოფაზე. ჩვენი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა ტემპერატურის გავლენა ტრიადიმეფონის ენანტიომერების დაყოფაზე ცელულოზა ტრის (4-მეთილბენზოატის) სილიკაგელზე დაფენით მომზადებულ სვეტზე სითხურ ქრიმატოგრაფიაში



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com