ავტორიზაცია
აქტინომიცეტ-ანტაგონისტების გამოყენება ფიტოპათოგენური ბაქტერიებით გამოწვეული კარტოფილის ზოგიერთი დაავადების წინააღმდეგ
ავტორი: ია ბანეთაშვილისაკვანძო სიტყვები: აქტინომიცეტ-ანტაგონისტები, კარტოფილი, დაავადების წინააღმდეგ.
ანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომი „აქტინომიცეტ-ანტაგონისტების გამოყენება ფიტოპათოგენური ბაქტერიებით გამოწვეული კარტოფილის ზოგიერთი დაავადების წინააღმდეგ“ წარმოდგენილია 55 გვერდით. ნაშრომი შეიცავს შესავალს, ლიტერატურულ მიმოხილვას, ექსპერიმენტულ ნაწილს ცხრილებით და ილუსტრაციებით, გამოყენებულ ლიტერატურას. სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა კარტოფილის ნათესების ნიადაგებიდან აქტინობაქტერიების გამოყოფა და ანტაგონისტების გამოვლენა ფიტოპათოგენური ბაქტერიების - Ralstonia solanacearum, Clavibacter michiganes ssp.sepedonicus და Dickeya solani-ის წინააღმდეგ; ფიტოპათოგენური ბაქტერიების მიმართ ანტაგონისტური აქტინომიცეტების იდენტიფიკაცია. ფიტოპათოგენური მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეულ დაავადებათა შორის მნიშვნელოვანია კარტოფილის ბაქტერიული დაავადებები: მურა სიდამპლე, რგოლური სიდამპლე და სველი სიდამპლე. მიუხედავად მრავალი პესტიციდის არსებობისა, ჯერ კიდევ მრავლადაა დაუმარცხებელი და ცუდად კონტროლირებადი მცენარეთა დაავადებები. აქედან გამომდინარე, აქტუალურია ქიმიური პესტიციდების ალტერნატივად, როგორც ანტიმიკრობული აგენტი, ბიოპრეპარატების გამოყენება. ამავე დროს, მცენარეთა დაავადებებისაგან დაცვის ბიოლოგიური მეთოდის საფუძველია მიკროორგანიზმები, რომელთა მოქმედება ეფუძვნება მიკროორგანიზმთა ანტაგონისტურ ურთიერთდამოკიდებულებას. ნიადაგის მიკროფლორას შორის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია აქტინომიცეტები. ისინი მრავალი ანტიბიოტიკის და ფერმენტის პროდუცენტები არიან, რაც ქმნის მათი გამოყენების საფუძველს ფიტოპათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე გამოვლინდა საქართველოს ნიადაგებში, გარკვეულ ეკოლოგიურ გარემოს შეგუებული აქტინომიცეტები. გამოვლენილ იქნა ფიტოპათოგენური ბაქტერიების - Ralstonia solanacearum, Clavibacter michiganes ssp.sepedonicus და Dickeya solani-ის მიმართ ანტაგონისტები, რომლებიც წარმოადგენენ საფუძველს ბიოპესტიციდის მისაღებად, კარტოფილის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ნიადაგიდან ახლადგამოყოფილი აქტინომიცეტები მიეკუთვნებიან შემდეგ გვარებს: Streptomyces, Nocardia, Streptosporangium. 6 აქტინომიცეტ-ანტაგონისტების გამოყენება ხელს შეუწყობს არა მარტო დიდი მოცულობის მოსავლის და მაღალხარისხოვანი პროდუქტის მიღებას, არამედ ნიადაგის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნების შეუცვლელი საშუალებას წარმოადგენს.
მიმაგრებული ფაილები:
აქტინომიცეტ-ანტაგონისტების გამოყენება ფიტოპათოგენური ბაქტერიებით გამოწვეული კარტოფილის ზოგიერთი დაავადების წინააღმდეგ [ka]