ka | en
TSU

პროსტატის სიმსივნეებით დაავადებული პაციენტების სიმსივნურ ქსოვილში სტეროიდული ჰორმონების რაოდენობრივი ცვლილება და მათი გავლენა ენერგეტიკული ცვლის პროცესზე

ავტორი: ნინო მიქაია
საკვანძო სიტყვები: სიმსივნე, უჯრედული მეტაბოლიზმი, ენერგეტიკული ცვლა, სტეროიდული ჰორმონები.
ანოტაცია:

ცნობილია, რომ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი და მოქმედების მექანიზმი წარმოადგენს კრიტიკულ ფაქტორს კიბოს პროგრესირებაში და სიმსივნის ჰორმონრეზისტენტული ფორმის განვითარებაში. კანცეროგენეზი კომპლექსური და მრავალ- ეტაპობრივი პროცესია, რომლის მიმდინარეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული უჯრედის ანტიკანცეროგენული მექანიზმების როგორიცაა: ანტიპროლიფერაციული პასუხების, აპოპტოზის ინდუქციის მექანიზმისა და ბიოლოგიური სიბერით გამოწვეული ბარიერების ცვლილებაზე. ყველა აღნიშნული პროცესი სიმსივნური უჯრედისაგან დიდ ენერგეტიკულ დანახარჯს მოითხოვს. ონკოგენეზის პროცესში მიტოქონდრიები მნიშვნელოვან მედიატორებს წარმოადგენენ. ისინი ონკოგენეზს ხელს უწყობენ არა მხოლოდ ბიოენერგეტიკის თვალსაზრისით, არამედ სხვა ისეთი ფაქტორებითაც როგორიცაა ბიოგენეზი და ოქსიდაციური სტრესის რეგულაცია, უჯრედის კვდომისადმი მგრძნობელობა, მეტაბოლიზმი და სიგნალების გადაცემა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა: პროსტატის სიმსივნეებით დაავადებული პაციენტების სიმსივნურ ქსოვილში სტეროიდული ჰორმონების რაოდენობრივი ცვლილების გავლენის შესწავლა ენერგეტიკული ცვლის პროცესებზე. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ადგილი აქვს სტეროიდული ჰორმონების მნიშვნელოვან ცვლილებას პროსტატის კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებში. ასევე გამოკვლევებმა უჩვენა, რომ პროსტატის სიმსივნურ უჯრედებში მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის როგორც ანაერობული, ასევე აერობული გზა.


მიმაგრებული ფაილები:

პროსტატის სიმსივნეებით დაავადებული პაციენტების სიმსივნურ ქსოვილში სტეროიდული ჰორმონების რაოდენობრივი ცვლილება და მათი გავლენა ენერგეტიკული ცვლის პროცესზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com