ავტორიზაცია
ფაგების გამოყენებით ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის აღდგენა pandrug-resistant ბაქტერიულ შტამებში
ავტორი: ლუკა სანიკიძესაკვანძო სიტყვები: ფაგები, ანტიბიოტიკორეზისტენტობა
ანოტაცია:
2017 წლის 27 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად ისტორიაში გამოაქვეყნა „პრიორიტეტული ანტიბიოტიკო რეზისტენტული პათოგენების“ სია _ კატალოგი 12 ბაქტერიული ოჯახით, რომლებიც უდიდეს საფრთხეს უქმნის კაცობრიობის ჯანმრთელობას. ეს კატალოგი დაყოფილია 3 დონის პრიორიტეტებად და პირველი დონე (ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი) _ კრიტიკული, წარმოდგენილია 3 ბაქტერიით ესენია: • Acinetobacter baumannii • Pseudomonas aeruginosa • Enterobacteriaceae ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 12 ყველაზე საშიშ ბაქტერიას შორის მეორე ყველაზე სახიფათო ბაქტერიას წარმოადგენს Pseudomonas aeruginosa, ბაქტერია, რომელიც წარმოადგენს გრამ-უარყოფით, პირობით პათოგენურ ბაქტერიას, რომელიც წამყვანია ჰოსპიტალური (ნოზოკომიური) ინფექციების გამომწვევებს შორის და მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული ნოზოკომიური ინფექციების 10% შეადგენს. P.aeruginosa მიერ გამოწვეული ინფექციების რისკი მატულობს იმუნოდეფიციტის მქონე ავადმყოფებში და განსაკუთრებით ხშირად გვხვდება კისტოზური ფიბროზის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში. ასევე, წამყვანი როლი აკისრია უროლოგიური დაავადებების, ჩირქოვან-ქირურგიული და დამწვრობის დროს წარმოქმნილი ინფექციების ეტიოლოგიაში, გარდა ამისა, ახდენს სამედიცინო ინვენტარის და ხელსაწყოების კოლონიზებას. P.aeruginosa შეიცავს პათოგენურობის განმსაზღვრელ მრავალ ფაქტორს (პროტეაზების, ეგზოტოქსინების სინთეზი და სხვ.), რომელიც გამოიყენება მასპინძელი ორგანიზმის თავდაცვის უგულებელსაყოფად. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს ბიოფილმების წარმოქმნის უნარი, რაც მიუწვდომელს ხდის ანტიბიოტიკებისა და მასპინძელი ორგანიზმის იმუნური პასუხის მიმართ. გარდა ამისა, P. aeruginosa ბუნებრივად მდგრადია მრავალი სახეობის ანტიბიოტიკების მიმართ, და შესწევს უნარი განივითაროს უფრო მეტი რეზისტენტობა, გენების ჰორიზონტალურად გადაცემის ხარჯზე, რაც კიდევ უფრო ართულებს მკურნალობის პროცესს. იგი ასევე ცნობილია „უკანასკნელი მოხმარების წამლების“ მიმართ, რეზისტენტულ „pan-drug-resistant“ (PDR) ბაქტერიად. აქედან გამომდინარე, P. aeruginosa-ს მიერ გამოწვეული დაავადებები, სხვა პათოგენებთან შედარებით არამარტო გავრცელებულია, არამედ რეზისტენტულობის გამო ასოცირებულია მაღალი ხარისხის ავადობასა და სიკვდილიანობასთან. რადგან ანტიბიოტიკორეზისტენტობა და უშუალოდ P. aeruginosa-ს მულტირეზისტენტული შტამები უდიდეს პრობლემასა და გამოვწვევას წარმოადგენს, უმნიშვნელოვანესია ამ პრობლემის გადაჭრის/მოგვარების გზების პოვნა. ბაქტერიული დაავადებების მიმართ ყველაზე ეფექტური ბრძოლის საშუალებას წარმოადგენს ბაქტერიოფაგებისა და ანტიბიოტიკების კომბინაცია. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე არა ანტიბიოტიკებისა და ფაგების ერთდროული ზემოქმედების შესწავლა არამედ ფაგების გამოყენებით იმ ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის აღდგენა, რომლების მიმართაც P. aeruginosa სრულიად რეზისტენტულია. კვლევა განხორციელებულია გ. ელიავას სახელობის ბმვ-ს ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ბაზაზე. კვლევის ობიექტად აღებულია ელიავას კ. & გ. დეპარტამენტის კოლექციაში არსებული ბაქტერიული შტამები. 26 შტამიდან ანტიბიოტიკოგრამებისა და ბაქტერიოფაგების მოქმედების სპექტრის შედეგების ურთიერთშედარების საფუძველზე საბოლოოდ შერჩეული იქნა 2013 წელს გამოყოფილი P. aeruginosa-ს კლინიკური შტამი Ps 573, რომელიც წარმოადგენდა PDR შტამს და რეზისტენტული იყო 15 სხვადასხვა ანტიბიოტიკის კომბინაციის მიმართ. აღნიშნულ შტამზე ჩატარებული სკრინინგ ტესტის გამოყენებით ნაჩვენებია, რომ ელიავას კოლექციაში არსებული ფაგები ახორციელებენ P. aeruginosa PDR ბაქტერიული შტამის ელიმინირებას. კვლევის ძირითადი მიზანია ერთ-ერთი ფაგის (PT15) ინდუქციის შედეგად მიღებულ მუტანტურ შტამში მომხდარი ცვლილების _ ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის აღდგენის შესწავლა გენების ექსპრესიის გამოყენებით.