ავტორიზაცია
ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ქვევრის ღვინიდან გამოყოფილი ფლავონოიდური ნაერთების მოქმედების შესწავლა სიმსივნურ უჯრედულ კულტურაზე
ავტორი: გვანცა შანშიაშვილისაკვანძო სიტყვები: ქვევრის ღვინო, ფლავონოიდური ნაერთები, სიმსივნური უჯრედები
ანოტაცია:
ღვინო სულ უფრო ფართოდ განიხილება როგორც ფუნქციური საკვები და მისი სამკურნალო თვისებების შეფასებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ფენოლურ ნაერთებს, ორგანულ მჟავებს, ამინომჟავებსა და სხვ. ქართული ჯიშებიდან აღსანიშნავია საფერავი, რომელიც მთელი რიგი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ორგანული ნაერთებით, უნიკალური გემოთი და განსაკუთრებული ბუკეტით, ასევე სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. ფლავონოიდები წარმოადგენენ მცენარეული წარმოშობის მეორად მეტაბოლიტებს. მცენარეული წარმოშობის პოლიფენოლებისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება, რაც გამოწვეულია ანტიოქსიდანტური ნაერთების დადებითი გავლენით ადამიანის ორგანიზმზე. უნდა აღინიშნოს ოქსიდაციურ სტრესთან დაკავშირებული სიმსივნის პრევენცია. დადგინდა რომ მათი პირველადი ანტიოქსიდანტური აქტივობის გარდა, ნაერთების ამ ჯგუფს ახასიათებს მრავალფეროვანი ბიოლოგიური ფუნქციები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია კარდიოვასკულარურ დაავადებების პრევენციასა და კარცენოგენეზის მოდულაციასთან. როგორც ცნობილია, განსაკუთრებით მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა ქვერცეტინი, რომელიც ხასიათდება ანტიკარცინოგენული აქტივობით, რაც გულისხმობს უჯრედების პროლიფერაციის და ზრდის ფაქტორების სუპრესიას და გვევლინება როგორც აპოპტოზის ინდუქტორი, რაც იწვევს სიმსივნური უჯრედების რაოდენობის შემცირებას. ფლავონოიდების სამიზნე არის უჯრედული ციკლის მარეგულირებელი ცილები, რომლებსაც G0/ G1 და G2/M ფაზებში უჯრედების შებოჭვის უნარი გააჩნიათ. ჩემი სამაგისტრო თემის კვლევის მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ქვევრის ღვინიდან ფლავონოიდური ნაერთების გამოყოფა და შედარება ევროპული წესით დაყენებულ ფლავონოიდთა რაოდენობასთან და მათი მოქმედების შესწავლა სიმსივნურ უჯრედულ კულტურაზე. კვლევის მასალას წარმოადგენს სხვადასხვა კომპანიის ერთი და იმავე წელს დაყენებული ქვევრის და ევროპული საფერავის ღვინოები და მათგან მიღებული ფლავონოიდები და მათი მოქმედების შესწავლისთვის საკვლევი მასალა A 546 ხაზის ალვეოლური სიმსივნური უჯრედების კულტურა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული, კერძოდ ქართული ტრადიციული და ევროპული წესით დაყენებული ღვინოები და მათგან მიღბული ფხვნილები, ერთი და იგივე ჯიშის ყურძენში შემავალი საერთო ფლავონოიდთა განსხავვებული რაოდენობით ხასიათდებიან. ჯამური ფლავონოიდური ფრაქციის ანტიპროლიფერაციული ეფექტი სიმსივნურ უჯრედებზე განსხვავდება ღვინის დაყენების ტიპის და ღვინოში ფლავონოიდური ფრაქციის კონცენტრაციის რაოდენობის მიხედვით.
მიმაგრებული ფაილები:
ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ქვევრის ღვინიდან გამოყოფილი ფლავონოიდური ნაერთების მოქმედების შესწავლა სიმსივნურ უჯრედულ კულტურაზე [ka]