ka | en
TSU

ვირთაგვების ქცევით და მორფოლოგიურ მახასიათებლებზე რკინის ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის ეფექტების შესწავლა

ავტორი: თამარი ფეიქრიშვილი
თანაავტორები: ნანული დორეული;როზა ბუკია
საკვანძო სიტყვები: ქვერცეტინი, ნანონაწილაკი, ჰიპოკამპი
ანოტაცია:

ნეიროდეგენერაციულ დარღვევათა წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების კვლევამ გამოავლინა ფლავონოიდები - მცენარეული წარმოშობის ანტიოქსიდანტები. ქვერცეტინი მათი ერთ-ერთი წარმომადგენელია,თუმცა მისი კლინიკაში გამოყენება ნაკლებად ხდება ცუდი ბიოშეღწევადობის გამო. ამ პრობლემის თვიდან ასაცილებლად უკანასკნელ ტექნოლოგიურ მიღწევას წარმოადგენს ნანონაწილაკები, რომელნიც უკავშირდებიან წამლებს. ნანონაწილაკებს აქვთ უნარი გადალახონ ისეთი ბიოლოგიური ბარიერები, როგორიცაა მაგალითად ჰემატოენცეფალური ბარიერი . რკინაშემცველი ნანონაწილაკების გადაადგილების მართვა შესაძლებელია მაგნიტური ველით, რომელსაც ახასიათებს კარგი ბიოშეღწევადობა. ამდენად გამოითქვა მოსაზრება, რომ მაგნიტური ველის თავის ტვინზე ექსპოზიციით შესაძლოა რკინაშემცველი მაგნიტური ნანონაწილაკებთან (რმნნ) დაკავშირებული ლიგანდების გადაადგილებაზე ზემოქმედება. მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქვერცეტინ დაკავშირებული რკინაშემცველი მაგნიტური ნანონაწილაკების (ქ-რმნნ) ქცევითი ეფექტების შეფასება მაგნიტური ველის (1ტესლა სიძლიერის) უნილატერალური ექსპოზიციის პირობებში და მორფოლოგიური კორელატების იდენტიფიკაცია. ექსპერიმენტებში გამოყენებულ იქნა ლაბორატორიული თეთრი ვირთაგვები მასით 100—120 გრამი. ქცევით ექსპერიმენტში ვირთაგვების მოტორული აქტივობა და ემოციური სტატუსი ფასდებოდა ღია ველის, ხოლო დასწავლა/მეხსიერების მაჩვენებლები T ლაბირინთში. ქ-რმნნ ადმინისტრაცია ვირთაგვების კუდის ვენაში ხორციელდებოდა ქემიტროდით, ტემპორალური წილის პროექციაზე გარე სტატიკური მაგნიტური ველის 1სთ-იანი უნილატერალური ექსპოზიციის პირობებში. ცდები განხორციელდა აგრეთვე მხოლოდ მაგნიტური ველისა (1 ტესლა ) და რმნნ-ის გავლენის შეფასების მიზნით. მორფოლოგიური ექსპერიმენტისთვის ქ-რმნნ-ის ადმინისტრაცია ხდებოდა ჰიპოკამპის დონეზე მაგნიტური ველის წარდგენიდან 30წთ-ის, ხოლო ტვინის ექსტირპაცია - 80-120წთ-ის შემდეგ.რკინის შემცველობის დადგენის მიზნით ვირთაგვას ტვინის ანათლებს ვღებავდით პერლსის მეთოდით. რკინის შემცველობის ვიზუალიზაცია და რაოდენობრივი მაჩვენებლების დადგენა ხდებოდა ცხოველების ორ ჯგუფში: 1. მარჯვენა და 2. მარცხენა მხარეს მაგნიტური ველის ექსპოზიციით. მაგნიტური ველის გავლენის შეფასების მიზნით მიღებულ მონაცემებს ვადარებდით იმავე ანათალზე კონტრალატერალური ინტაქტური მხარის სტრუქტურებში რკინაშემცველი ჩანართების რაოდენობას. რკინაშემცველი ჩანართები ითვლებოდა ჰიპოკამპის CA1/CA3 ველებში, დაკბილულ ფასციასა და ახალ ქერქში. ქცევითი და მორფოლოგიური ექსპერიმენტების მონაცემები დამუშავდა პროგრამა PRIZMA - მეშვეობით. ქცევითმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მაგნიტური ველი, ისევე როგორც მაგნიტური ნანონაწილაკები, დამოუკიდებლად არ ცვლის ცხოველთა ქცევას. ქვერცეტინი როგორც დამოუკიდებლად, ისე მაგნიტურ ნანონაწილაკთან დაკავშირებული იწვევს დასწავლის მაჩვნებლის სტატისტიკურად სარწმუნო გაზრდას, რაც გამოიხატა სწორი რეაქციების რაოდენობის მომატებით დასწავლის პირველ პერიოდში, ამასთან ქვერცეტინისა და ქ-რმნნ სერიის მონაცემეს შორის განსხვავება არ იყო. მორფოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიტური ველის უნილატერალური ექსპოზიციისას რკინაშემცველი ჩანართების რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა შეესაბამება მაგნიტური ველის ექსპოზიციის მხარეს, ამასთან სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება კონტრალატერალური მხარის შესაბამის მონაცემებთან მიმართებაში აღინიშნა მაგნიტური ველის მხოლოდ მარჯვენა მხარის ექსპოზიციის შემთხვევაში.


მიმაგრებული ფაილები:

ვირთაგვების ქცევით და მორფოლოგიურ მახასიათებლებზე რკინის ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის ეფექტების შესწავლა [ka]
Investigation of behavioral and morfological characteristic effects of Quercetin-loaded iron oxide nanoparticles in rats [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com