ka | en
TSU

ტემპერატურის გავლენის შესწავლა კეტოპროფენის ენანტიომერების დაყოფაზე ამილოზა ტრის (3,5-დიმეთილფენილკარბამატის) სილიკაგელზე დაფენით მომზადებულ ქრომატოგრაფიულ სვეტზე, სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: გიორგი კობიძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, თერმოდინამიკური პარამეტრები, ტემპერატურის გავლენა
ანოტაცია:

ჩვენი კვლევის მიზანი იყო ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, რაც საშუალებას იძლევა მოცემული ნივთიერებისთვის, მოცემულ სვეტზე წინასწარ განისაზღვროს ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტიურობა და ელუირების რიგი. თერმოდინამიკური პარამეტრების შედარება მოვახდინეთ ერთსა და იმავე სტაციონარულ ფაზაზე ორ განსხვავებულ გამხსნელში. გაანალიზებული ნივთიერებების დაყოფის ფაქტორის ნატურალური ლოგარითმის დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე, გამოვთვალეთ ადსორბციის ენთალპიისა და ენტროპიის სხვაობათა მნიშვნელობები. შევისწავლეთ ენტოპიულ თუ ენთალპიურ ხასიათს ატარებს მოცემულ სვეტზე ენანტიომერების დაყოფის მექანიზმი და როგორია ტემპერატურის გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე. იმისათვის რომ გამოგვეთვალა თერმოდინამიკური პარამეტრები ექსპერიმენტი ჩავატარეთ სხვადასხვა ტემპერატურაზე. ამავდროულად ჩვენ დავინახეთ, რომ ტემპერატურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქირალურ გამოცნობის მექანიზმზე, ჩვენი ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ გაგვერკვია ქირალური გამოცნობის მექანიზმის ცვლილება ხომ არ იყო გამწვეული ქირალური სელექტორის სტრუქტურის ცვლილებით. ამისათვის ანალიზი ჩავატარეთ 10-70°C ტემპერატურულ შუალედში 5° ინტერვალით, შემდეგ კი მოვახდინეთ სვეტის გაცივება 70°C-დან 10°C-მდე. ექსპერიმენტებისთვის შეირჩა რამდენიმე მჟავა ბუნების ნივთიერება, კერძოდ არილპროპიონის მჟავას ნაწარმები, რომლებიც არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია. მოცემულ ნაშრომში განხილული იქნება არილპროპიონის მჟავას ერთ-ერთი ნაწარმი კეტოპროფენი. ამ ჯგუფის წამლები გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. მათი სტერეოიზომერების დაყოფა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მხოლოდ ერთი ენანტიომერი ხასიათდება ფარმაკოლოგიური აქტიურობით, ხოლო მეორე უმოქმედო ან ზოგიერთ შემთხვევაში ტოქსიკურიც კი არის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com