ka | en
TSU

ტემპერატურის გავლენის შესწავლა ფენოპროფენის ენანტიომერების დაყოფაზე ამილოზა ტრის (3,5-დიმეთილფენილკარბამატის) სილიკაგელზე დაფენით მომზადებულ ქრომატოგრაფიულ სვეტზე, სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ალუდა ჭელიძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, თერმოდინამიკური პარამეტრები, ტემპერატურის გავლენა
ანოტაცია:

ჩვენი კვლევის მიზანი იყო ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, რაც საშუალებას იძლევა მოცემული ნივთიერებისთვის, მოცემულ სვეტზე წინასწარ განისაზღვროს ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტიურობა და ელუირების რიგი. ექსპერიმენტში გამოვიყენეთ ამილოზა ტრის(3,5-დიმეთილფენილკარბამატის) სილიკაგელზე დაფენით მომზადებული ქირალური სტაციონარული ფაზა. ანალიზები ჩატარდა სხვადასხვა ტემპერატურაზე და სხვადასხვა მოძრავი ფაზის გამოყენებით. გაანალიზებული ნივთიერების დაყოფის ფაქტორის ნატურალური ლოგარითმის დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე, გამოვთვალეთ ადსორბციის ენთალპიისა და ენტროპიის მნიშვნელობები და მათი სხვაობები ორივე ენანტიომერისთვის. შევისწავლეთ ენტროპიულ თუ ენთალპიურ ხასიათს ატარებს მოცემულ სვეტზე ენანტიომერების დაყოფის მექანიზმი და როგორია ტემპერატურის გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე. ექსპერიმენტებისთვის შეირჩა რამდენიმე მჟავა ბუნების ნივთიერება, კერძოდ არილპროპიონის მჟავას ნაწარმები, რომლებიც არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია. ამ ჯგუფის წამლები გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. მათი სტერეოიზომერების დაყოფა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მხოლოდ ერთი ენანტიომერი ხასიათდება ფარმაკოლოგიური აქტიურობით, ხოლო მეორე უმოქმედო ან ტოქსიკურიც კი არის. ექსპერიენტის დასაწყისში ჩავატარეთ ანალიზი 28 ქირალურ ნივთიერებაზე, რომელთა შედეგებიდან გამომდინარე საინტერესო აღმოჩნდა ოთხი მათგანი: ფენოპროფენი, ფლურბიპროფენი, იბუპროფენი და კეტოპროფენი. მოცემულ ნაშრომში განხილულია არილპროპიონის მჟავას ნაწარმის მხოლოდ ერთ-ერთი წარმომადგენელი- ფენოპროფენი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com