ავტორიზაცია
საქართველოს ბელტის ძირულის აზევების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის გეოლოგია და შროშის ცეცხლგამძლე თიხების საბადო
ავტორი: გიორგი ჭანკვეტაძეანოტაცია:
ამიერკავკასიის კრისტალური ფუნდამენტის ძირულის შვერილის აგებულებაში მონაწილეობენ: გვიანპალეოზოური ”წითელი” გრანიტები, პალეოზოური ”ნაცრისფერი” გრანიტები, პალეოზოური მეტაბაზიტები და ნეოპროტეროზოურ-ადრეპალეოზოური მეტამორფული ქანები. პალეოზოური დანალექი საფარი წარმოდგენილია შუაკარბონული ასაკის ანდეზიტის და ბაზალტის იშვიათი ფენების შემცველი სუბაერული დაციტ-რიოლითური ლავების და ვულკანოკლასტური ქანების ფორმაცით (1200 მ სისქის), რომელიც გაშიშვლებულია ძირულის შვერილის ჩრდილო ნაწილში (ჭიათურის წყება). ტრიასულ-ეოცენურ დროში ამიერკავკასიის მასივი ვითარდებოდა როგორც კუნძულოვანი ტიპის შედარებით აზევებული ერთეული. მის ცენტრალურ ნაწილში (საქართველოს ბელტი) ილექებოდა სხვადასხვა სიმძლავრის ძირითადად მარჩხი ზღვის, ლაგუნურ-ტბიური, ნახშირ- და მარილშემცველი ნალექები, რასაც თან ახლდა კუნძულთარკალური ტიპის ვულკანური ამონთხევები. ოროგენულ სტადიაზე იმერეთის ქედის მთისწინა და აჯამეთი-საჩხერის მთათაშუა როფებში შუა და გვიან (ქვედა და შუა სარმატული) მიოცენურში გროვდებოდა ზღვიური ქვიშიან-თიხიანი მოლასები. საქართველოს ცეცხლგამძლე თიხის საბადოებს შორის შროშის საბადო ყველაზე მსხვილია,საბადო მდებარეობს ამიერკავკასიის რკინიგზის სადგ. ძირულადან 5 კმ-ში, სურამი-ზესტაფონის გზატკეცილზე, სოფ. შროშის სამხრეთ ნაწილში, ზესტაფონის რაიონში. გეოგრაფიული მდებარეობით საბადო იყოფა ორ უბნად: მაჭარულა და ქანდარა. პროდუქტიული ჰორიზონტი განლაგებულია სინემიურული ასაკის მარტოთუბნის (კონგლომერატები და კვარციანი ქვიშაქვები) წყების ზედა ნაწილში და წარმოდგენილია კვარციანი ქვიშაქვებით და ცეცხლგამძლე თიხის ფენებით. მისი სიმძლავრე 5-20 მ-ია. წარმოშობის მიხედვით შროშის საბადო მიეკუთვნება ალოქტონურ გენეტურ ტიპს, მორფოლოგიურად კი - ფენებრივი ფორმისაა. თიხის წარმოშობა დაკავშირებულია ძირულის კრისტალური მასივის ქანების ძველი გამოფიტვის ქერქის თიხოვანი პროდუქტების გადარეცხვასა და გადალექვასთან. თიხა ძირითადად ორი სახესხვაობით არის წარმოდგენილი: ქვიერი და გუნდისებრი, ამასთან მეორე სჭარბობს. მაჭარულას უბნის თიხის ბალანსური მარაგები А2+В+С1 კატეგორიების მიხედვით შეადგენდა 1157 ათას ტონას (1 იანვარი, 1956 წ.), ქანდარის უბნისა კი - В+С1 კატეგორიების მიხედვით 534 ათას ტონას (1 იანვარი, 1956 წ.).
მიმაგრებული ფაილები:
საქართველოს ბელტის ძირულის აზევების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის გეოლოგია და შროშის ცეცხლგამძლე თიხის საბადო [ka]