ka | en
TSU

ქართლის მოლასური ქვეზონის სარმატული ნალექების ბიოსტრატიგრაფია მიკროფაუნის მიხედვით

ავტორი: ბექა ედიბერიძე
ანოტაცია:

საქართველოში სარმატული ნალექების გავრცელების ძირითადი არეალია ამიერკავკასიის მთათაშუა არე. ქართლის დეპრესია, რომელიც კვლევის ობიექტს წარმოადგენს, საქართველოს ტექტონიკური დარაიონების სქემის მიხედვით (Гамкрелидзе, 2000), მონაწილეობას იღებს ამიერკავკასიის მთათაშუა არის აღმოსავლეთ დაძირვის მოლასური ზონის სტრუქტურულ-ფაციალურ აგებულებაში. აქ სარმატული ნალექები სარგებლობენ ფართო გავრცელებით, გამოირჩევიან ფაციალური მრავალფეროვნებით და წარმოადგენენ ბუნებრივი ნახშირწყალბადების აკუმულაციის პერსპექტიულ სტრატიგრაფიულ ინტერვალს. წლების განმავლობაში ქართლის დეპრესიის სარმატული ნალექების შესახებ დაგროვდა საკმაოდ მდიდარი ფაქტობრივი მასალა, მათ შორის პალეონტოლოგიური და ბიოსტრატიგრაფიული. სარმატული ნალექები კარგად არის შესწავლილი მაკრო და მიკროფაუნისტურად და დეტალურად არის სტრატიფიცირებული (Булеишвили 1960; Грузинская, 1967; Коиава, 2006). ბოლო წლებში ნავთობის საძიებო სამუშაოების წარმოების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პალეოდელტების გამოვლენას. დადგინდა გარკვეული კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც ნავთობის უმსხვილესი საბადოები სწორედ პალეოდელტებთან არის დაკავშირებული. ამ საძიებო სამუშაოების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ მიკროპალეონტოლოგიურ კვლევებს (ფორამინიფერები, ოსტრაკოდები). ქართლის დეპრესიის სარმატული ნალექები კარგად არის შესწავლილი, ფორამინიფერების კუთხით (Коиава, 2006), რაც შეეხება ოსტრაკოდებს, ეს ჯგუფი კვლევის საწყის ეტაპზე იმყოფება და მათი შესწავლა ფორამინიფერებთან ერთად კომპლექსში, მნიშნელოვან წვლილს შეიტანს, რეგიონის პალეონტოლოგიურ /ბიოსტრატიგრაფიულ ცოდნაში და დახმარებას გაუწევს მენავთობე გეოლოგებს ნახშირწყალბადების ძებნა-ძიებითი სამუშაოების წარმოებაში. სწორედ ამიტომ სამაგისტრო ნაშრომის თემად შეირჩა ქართლის დეპრესიის სარმატული ნალექები, ხოლო კვლევის მეთოდათ მიკროპალეონტოლოგია (ფორამინიფერები, ოსტრაკოდები). კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქართლის დეპრესიის სარმატული ნალექების ფორამინიფერებისა და ოსტრაკოდების კომპლექსების დადგენა, მათ საფუძველზე ბიოსტრატიგრაფიუი საზღვრების გამოყოფა, შესწავლილი ნალექების სტრატიფიცირება, სარმატული ფორამინიფერებისა და ოსტრაკოდების მონოგრაფიული შესწავლა. ამ მიზნით, ჩვენს მიერ, ქართლის დეპრესიის ფარგლებში შესწავლილია სარმატული ნალექების სამი ჭრილი: 1 - ნადარბაზევის ხეობაში; 2 - ბებრისციხის მიდამოებში; 3 - მდ. ნორიოსწყლის ხეობაში. კვლევის შედეგად ქართლის დეპრესიაში გამოიყო ქვედა და შუა სარმატულისათვის დამახასიათებელი ფორამინიფერებისა და ოსტრაკოდების კომპლექსები. დადგინდა მათი კანონზომიერი ცვალებადობა დროსა და სივრცეში, რის საფუძველზეც მოხდა შესწავლილი ნალექების სტრატიფიცირება. მონოგრაფიულად შესწავლილია სარმატული ფორამინიფერების 3 გვარის 11 სახეობა და ოსტრაკოდების 4 გვარის 9 სახეობა. ქართლის დეპრესიის ფარგლებში პირველად განხორციელდა სარმატული ნალექების კომპლექსური კვლევა დაფუძნებული მიკროფაუნის ორი ჯგუფზე ფორამინიფერებისა და ოსტრაკოდებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com