ka | en
TSU

მაგნიტური ველით მართული ქვერცეტინ-დაკავშირებული რკინის ნანონაწილაკების ეფექტები ჰიპოკამპის ნეირონულ აქტივობაზე

ავტორი: თეიმურაზი გოჩიტაშვილი
საკვანძო სიტყვები: ჰიპოკამპი, მაგნიტური ნანონაწილაკი, ნეირონული აქტივობა, ქვერცეტინი
ანოტაცია:

ჰიპოკამპი ოდითგანვე წარმოადგენდა სამეცნიერო კვლევების ეპიცენტრს. განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დადასტურდა მისი როლი ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირებაში. აღმოჩენილია მრავალი დაავადება, რომელიც ვითარდება ჰიპოკამპში წარმოქმნილი აშლილობებით. მაგალითად ეპილეფსია, ალცჰაიმერი და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებები. აქედან გამომდინარე, ჰიპოკამპის სტრუქტურას აქტიურად გამოიყენებენ ნეიროდეგენერაციულ დარღვევათა სამკურნალო, ეფექტური თერაპიული საშუალებების შექმნისა და შესწავლისთვის. ჰიპოკამპის ფუნქციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მასზე ისეთი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შესწავლა, როგორიცაა მაგალითად ქვერცეტინი. რადგან, ჰიპოკამპი არის მოწყვლადი სტრუქტურა ოქსიდაციური სტრესის მიმართ, ხოლო ქვერცეტინი ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტი ფლავონოიდია. კარგადაა ცნობილი ქვერცეტინის ეფექტურობა სხვადასხვა დაავადების დროს. მას აქტიურად იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტისიმსივნურ საშუალებას. სამწუხაროდ, ქვერცეტინი არასტაბილურია და ხასიათდება მცირედი ბიოშეღწევადობით, განსაკუთრებით ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვისას. ამიტომ, მისი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების ეფექტების შესწავლისთვის გამოვიყენეთ ბიომედიცინაში გამოყენებული ერთ-ერთი ეფექტური ტექნოლოგია - მაგნიტური ნანონაწილაკები. არსებობს განსხვავებული ფორმის, ზომისა და თვისების მქონე ნანონაწილაკები. თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული ქიმიური და ფიზიკური თვისებები, რის მიხედვითაც შესაძლებელია მათი გამოყენება სპეციფიკური დანიშნულებისთვის. ექპერიმენტებში გამოვიყენეთ რკინის მაგნიტური ნანონაწილაკები(მნნ). აღნიშნული, გარე სტატიკური ველის ექსპოზიციით გადაადგილებისას, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სხვა მატერიალის ნანონაწილაკები. ჩვენი მიზანი იყო, რკინის მაგნიტურ ნანონაწილაკთან დაკავშირებული ქვერცეტინის მიმართული გადაადგილება განგვეხორციელებინა გარე მაგნიტური ველის ექსპოზიციით და შეგვეფასებინა ქვერცეტინისა და ქვერცეტინ-დაკავშირებული ნანონაწილაკების ეფექტები ჰიპოკამპის ნეირონულ აქტივობაზე. ექსპერიმენტები განხორციელდა თეთრი ლაბორატორიული ვირთაგვების ორ ჯგუფზე. გამოვიკვლიეთ ქვერცეტინის (25მგ/კგ) ზეგავლენა ჰიპოკამპის CA1 ველის ფონურ ნეირონულ აქტივობაზე. ასევე დავადგინეთ მაგნიტურ ნანონაწილაკ-დაკავშირებული ქვერცეტინის ზეგავლენა ჰიპოკამპის ნეირონულ აქტივობაზე ტემპორალური წილის პროექციაზე გარე სტატიკური მაგნიტური ველის თანაობისას. ანალიზისთვის ვიყენებდით LabChart 30/4 სისტემას, Chart 5.5 პროგრამით. სტატისტიკური ანალიზისთვის გამოვიყენეთ პროგრამა PRIZM. მიღებული შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ქვერცეტინი დამოუკიდებლად არ იწვევს ცვლილებას ჰიპოკამპის CA1 ველის ფონურ აქტივობაში. გარე მაგნიტური ველით მართული ქვერცეტინ-დაკავშირებული რკინის მაგნიტური ნანონაწილაკები(ქმნნ) ამცირებს განმუხტვების ამპლიტუდას და იწვევს განმუხტვების სიხშირის ზრდას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com