ავტორიზაცია
სათამაშოებში მძიმე მეტალების განსაზღვრა
ავტორი: ნათია დვალიშვილიანოტაცია:
ანოტაცია მძიმე მეტალები მაღალი ატომური მასის მქონე ქიმიური ელემენტების ჯგუფია. მრავალი მათგანი, მაგალითად რკინა, სპილენძი, თუთია, მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში და განსაზღვრული რაოდენობით აუცილებელია ადამიანის, ცხოველის და მცენარის ცხოველქმედებისთვის. მეორე მხრივ, მძიმე მეტალები და მათი ნაერთები მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, გროვდება უჯრედებში და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. მძიმე მეტალებს 40-ზე მეტი ქიმიური ელემენტი მიეკუთვნება. მათ შორის განსაკუთრებული ტოქსიკურობით გამოირჩევა ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი, დარიშხანი. მძიმე მეტალების შემცველობა ორგანიზმში არ შეიძლება იყოს დასაშვებ კონცეტრაციაზე მაღალი, რადგან ეს მეტალები გამოირჩევიან მაღალი ტოქსიკურობით. პირდაპირი მოქმედების შედეგად შეიძლება მოხდეს ორგანიზმის მოწამვლა, სიმსივნის და სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა.ბავშვებში ეს პროცესები უფრო რთულად მიმდინარეობს, რადგან მათ ზრდა-განვითარება დასრულებული არ აქვთ. ბავშვის ორგანიზმში მძიმე მეტალები შესაძლოა აღმოჩნდეს სათამაშოებიდან. სამწუხაროდ, საქართველოში არ ხდება შემოტანილ სათამაშოებში მძიმე მეტალების განსაზღვრა. ბოლო პერიოდში აღმოჩენილ იქნა, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, სათამაშოებში მძიმე მეტალების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ორგანიზმისთვის. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს მძიმე მეტალების (Pb, Cd, Zn, Cu) განსაზღვრა სათამაშოებში. ნიმუშები აღებულია შემთხვევითი შერჩევითობის გზით. ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ აღებულ 19 სათამაშოდან 3 ნიმუშში აღმოჩნდა მძიმე მეტალების, კერძოდ ტყვიის და კადმიუმის ზდკ-თან შედარებით მაღალი კონცენტრაცია. ჩატარებული კვლევით ნაჩვენებია, რომ საქართველოში შემოტანილ სათამაშოებში მძიმე მეტალების შემცველობა პრაქტიკულად ნორმების ფარგლებშია. მაგრამ ის მცირეოდენი გამონაკლისიც მოითხოვს ყურადღებას, რათა არ აღმოჩნდეს ასეთი სათამაშოები ბავშვებთან და არ გახდეს ავადმყოფობის მიზეზი.