ავტორიზაცია
T სუბპოპულაციების და IL-23/Th17 თანაფარდობის როლის შეფასება ფსორიაზის იმუნოპათოგენეზში
ავტორი: ოლიკო ნიკაჭაძესაკვანძო სიტყვები: ფსორიაზი, Th17 უჯრედები, ციტოკინები
ანოტაცია:
ფსორიაზი კანის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მას სისტემური ხასიათი აქვს და ხშირად თან ახლავს გართულებები. დაავადებულია მოსახლეობის დაახლოებით 2% და სწორედ ამიტომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ T უჯრედულ დარღვევად მსოფლიოში. დაავადების მაპროვოცირებელია, როგორც გარემო ფაქტორები, ისე ინფექციური დაავადებები, წამლები და გენეტიკური განწყობა. ბოლო წლების კვლევებით დადასტურდა ფსორიაზის აუტოიმუნური ბუნება, ფსორიაზის პათოგენეზში საკვანძო როლს ასრულებენ დამხმარე T უჯრედების სხვადასხვა კლასები. მათ შორის აღსანიშნავია Th1 და Th17 უჯრედები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ კანის ანთებითი პროცესის ინიციაციისა და ამფლიპიკაციის ფაზაში, ასევე Th22 რეზიდენტი უჯრედები, რომლებიც მეხსიერების უჯრედების როლს თამაშობენ მორეციდივე ფსორიაზისას და Th9 უჯრედები, რომლებიც ასევე ჩართულია ამ პროცესში. სამაგისტრო კვლევის მიზანს წარმოადგენს IL-23/Th17 ღერძის როლის შეფასება ფსორიაზის იმუნოპათოგენეზში ქართული პოპულაციის შენთხვევაში. დაავადების კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ანთებითი პროცესის წამყვანი უჯრედებისა და ციტოკინების იდენტიფიკაცია, ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ მოვხდინეთ Th17, Th22, Th9 უჯრედების რაოდენობის განსაზღვრას ფსორიაზით დაავადებულთა და ჯანმრთელ კონტროლთა პერიფიერული სისხლის ნიმუშებში; შევაფასეთ IL-17A, IL-17F, IL-22 და IL-9 ციტოკინების დონე, შესაბნამისად ვიმსჯელეთ IL-23/Th17 ღერძის ბალანსზე და მის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე პროანთებითი ციტოკინების სეკრეციასთან. კვლევის მასალა და მეთოდები: ფსორიაზის აქტიური ფორმით ახლადდიაგნოზირებულ, არანამკურნალებ პაციენტთა პერიფერიული სისხლი, კვლევა ჩატარდა გამდინარე ციტომეტრიისა და იმუნოფერმენტული ანალიზის გამოყენებით. კვლევის შედეგების თანახმად, ფსორიაზით დაავადებულთა პერიფერიულ სისხლში არ აღინიშნება Th17-ის მკვეთრი მატება, Th9 უჯრედების რაოდენობა დაქვეითებულია საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. Th22 უჯრედების რაოდენობა მომატებულია, რასაც განცალკევებულად ვერ მივიჩნევთ დაავადების მახასიათებლად. რაც შეეხება Th უჯრედების აქტივაციის, განსახლების, მეხსიერების ფენოტიპურ დახასიათებას, მომატებულია ქემოკინების რეცეპტორების ექსპრესია (CCR4, CCR6, CCR10) და მეხსიერების ფენოტიპისთვის დამახასიათებელი აქტივაციის მარკერები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფსორიაზით დაავადებული პაციენტების პერიფერიულ სისხლში IL-23/Th17 ღერძის განმსაზღვრელი T უჯრედების და ციტოკინების პროფილური ბალანსი არ აღმოჩნდა შეცვლილი, რაც დამახასიათბელია ფსორიაზული ანთების ლოკალური კერებისთვის.